დებატორი
გონებამახვილი და გაბედული, ENTP ტიპის ადამიანები (დებატორი) არ უშინდებიან სტატუს-კვოს გამოწვევას. სინამდვილეში, მათთვის ძალიან ცოტა რამ არსებობს, რასთან კამათიც არ სურთ. ფაქტობრივად, მცირეოდენი ვერბალური „ბრძოლაც“ კი მათ ენერგიას მატებს – თუ საუბარი სადავო, დატვირთულ თემას შეეხება, მით უკეთესი.
მაგრამ შეცდომა იქნებოდა ENTP-ების პრობლემატური ან ავის მომტანი პიროვნებებად აღქმა. სინამდვილეში, ესენი მცოდნე, ცნობისმოყვარე და იუმორის გრძნობით აღსავსე ადამიანები არიან, რომლებიც ძალზე სახალისოები არიან საზოგადოებაში. უბრალოდ, მათ გართობის განსხვავებული, საწინააღმდეგო კონცეფცია აქვთ – ისეთი, რომელშიც მთავარი როლი მწვავე დებატებს ენიჭება.
წესების დარღვევა
რискიანი, დამოუკიდებელი მოაზროვნის გზას გაუყევით. თქვენი აზრები გამოამჟღავნეთ საკამათო საკითხების წინაშე.
ENTP-ები ცნობილები არიან თავიანთი მეამბოხე ბუნებით. მათთვის არ არსებობს რწმენა, რომელიც ზედმეტად „წმინდად“ მიიჩნევა, იდეა, რომელიც ზედმეტად ფუნდამენტურია დასაკრიტიკებლად ან წესი, რომელიც ზედმეტად მნიშვნელოვანია დასარღვევად (ან სულ მცირე, შესამოწმებლად). ეს შეიძლება სათავგადასავლოდ ჟღერდეს, მაგრამ საქმე უფრო იმაშია, რომ ENTP-ები მუდმივად ცდილობენ ახლის აღმოჩენას და გაუმჯობესებას.
ბევრი ENTP ფიქრობს, რომ საზოგადოებაში უმეტესობა ზედმეტად ემორჩილება ნორმებს, წნეხს და სტანდარტებს. მათ მოსწონთ აზროვნების ტრადიციული მიმდინარეობის ეჭვქვეშ დაყენება და სიამოვნებას იღებენ გარიყული ან ნაკლებად დაფასებული იდეების ღირებულების აღმოჩენით. მათი აქტიური გონება მუდმივად გადააზრებს იმას, რასაც სხვები თავისთავად ცხადად მიიჩნევენ და მათ გონებამახვილურ, ახალ მიმართულებებს სძენს.
მიუხედავად იმისა, რომ ENTP-ებს უყვართ ტვინის შტურმი და მასშტაბურად ფიქრი, მათ ხშირად ვერ იტანენ გაწელილ „რეალურ მუშაობას,“ რომელიც იდეების რეალობად ქცევას ახლავს თან, და ზოგჯერ უჭირთ კონცენტრირებული დარჩენა საკუთარი მიზნების მისაღწევად. ერთი მხრივ, ეს ლოგიკურია – ძალიან ბევრ იდეას წარმოშობენ და ზოგიერთს ვერ იყენებენ, სანამ ახალი გაჩნდება. მაგრამ თუ ENTP-ები არ ისწავლიან პრიორიტეტების სწორად განსაზღვრას და რეალურად განხორციელებას, შეიძლება საკუთარი პოტენციალის სრულად გამოყენება გაუჭირდეთ.
კონტრარიანიზმის ფასი
ENTP-ების საკამათო უნარი ლეგენდარულია, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის ყოველთვის მიზანშეწონილია. როდესაც ისინი თათბირზე ღიად ეკამათებიან უფროსს ან მუდმივად აკრიტიკებენ თავიანთ საყვარელ ადამიანს, შეიძლება ჰგონიათ, რომ რაციონალურობისა და ლოგიკის ჩემპიონები არიან, მაგრამ რეალურად ამით წარმატებისა და ბედნიერების შანსებს უფრო იზიანებენ, ვიდრე იუმჯობესებენ.
ყველა სიტუაცია როდია განკუთვნილი ამ პიროვნების საბაზისო კონტრარიანიზმისთვის, ხოლო ადამიანებსაც გამუდმებით არ მოსწონთ, როცა მათ შეხედულებებს ეჭვქვეშ აყენებენ ან გრძნობებს უგულებელყოფენ. ამიტომ, ENTP-ებმა შეიძლება აღმოაჩინონ, რომ მათ დებატებისადმი სიყვარულმა ბევრი ხიდი დაწვა, ხშირად უნებლიეთ. ეს პიროვნებები პატივს იმსახურებენ თავიანთი ხედვის, თავდაჯერებულობის, ცოდნისა და კარგი იუმორის გრძნობის გამო – მაგრამ თუ ცოტაოდენ სენსიტიურობას არ გამოიმუშავებენ, შეიძლება ურთიერთობების შენარჩუნებაც გაუჭირდეთ და მიზნების მიღწევაც.
დროსთან ერთად, ბევრი ENTP აცნობიერებს, რომ იდეალური ცხოვრება მოიცავს სხვა ადამიანებსაც და რომ ზედმეტად ენერგიული „გამარჯვებისაკენ“ ლტოლვა დავისას ნიშნავს, საბოლოოდ, საკუთარი თავისთვის საჭირო მხარდაჭერის დაკარგვას. კარგი ამბავია, რომ ამ ხასიათის მქონე ადამიანები არასდროს კარგავენ თავიანთ გამორჩეულ, არაკონფორმისტულ ენერგიას – უბრალოდ შეუძლიათ გამოიყენონ კოგნიტური მოქნილობა, რათა გაიგონ და შეისწავლონ სხვების პერსპექტივა, იპოვონ ურთიერთგაგებისა და კომპრომისის ღირებულება ლოგიკასთან და პროგრესთან ერთად.