პროტაგონისტი
როცა მთელი სამყარო დუმს, ერთი ხმაც კი ძალზე ძლიერი ხდება.
ადამიანები, რომელთაც ENFJ (პროტაგონისტი) ხასიათის ტიპი აქვთ, გრძნობენ, რომ ცხოვრებაში დიად მიზანს უნდა ემსახურონ. მოაზროვნე და იდეალისტები, ისინი ცდილობენ დადებითი ზეგავლენა მოახდინონ სხვა ადამიანებზე და მათ გარშემო არსებულ სამყაროზე. ეს პიროვნებები იშვიათად გაურბიან შესაძლებლობას, გააკეთონ სწორი საქმე, მაშინაც კი, თუ ეს ადვილი სულაც არ არის.
ENFJ-ები ლიდერებად იბადებიან. ამიტომაც ხშირად გვხვდებიან ისინი თვალსაჩინო პოლიტიკოსებს, მწვრთნელებსა და მასწავლებლებს შორის. მათი ვნებისა და ქარიზმის წყალობით, მათ შეუძლიათ შთააგონონ ადამიანები არა მხოლოდ კარიერული თვალსაზრისით, არამედ ცხოვრების ყველა ასპექტში, მათ შორის ურთიერთობებში. ძალიან ცოტა რამ ანიჭებთ ამ პიროვნებებს ისეთ ძლიერ სიხარულსა და კმაყოფილებას, როგორიცაა მეგობრებისა და საყვარელი ადამიანების დახმარება მათი საუკეთესო ვერსიებად ჩამოყალიბებაში.
სამართლიანობის დაცვა
ENFJ-ები, როგორც წესი, მკაფიოდ გამოხატავენ თავიანთ ღირებულებებს, მათ შორის ავთენტურობას და ალტრუიზმს. როცა რაიმე უსამართლოდ მიაჩნიათ, ისინი ხმამაღლა საუბრობენ ამაზე. მაგრამ იშვიათად არიან მომაბეზრებლები ან ზედმეტად კატეგორიულები, რადგან მათ მგრძნობიარობა და გამჭრიახობა კარნახობს, ისაუბრონ ისე, რომ სხვას კარგად მოუსმინოს.
ENFJ-ები შესანიშნავად გრძნობენ, რა შეიძლება ამოძრავებდეს ადამიანებს შინაგანად და ხშირად მალევე ახერხებენ სხვების განწყობებისა და იდეების გამოცნობას. თავადაც აკვირდებიან, როგორია ამა თუ იმ ადამიანის ემოციური მდგომარეობა – ზოგჯერ ისე სწრაფად, რომ თავადაც არ აცნობიერებენ, როგორ მოახერხეს. ამგვარი უნარი მათ საოცრად დამაჯერებელ და შთამაგონებელ მოსაუბრეებად აქცევს.
პიროვნების ამ ტიპის საიდუმლო იარაღი მათი გულწრფელი განზრახვაა. ძირითადად, ENFJ-ებს ამოძრავებთ სწორი საქმის კეთების გულწრფელი სურვილი და არა სხვა ადამიანებზე ძალაუფლების მოპოვების ან მანიპულაციის წადილი. თუნდაც ვიღაცას არ ეთანხმებოდნენ, ისინი მაინც ცდილობენ საერთო ენის გამონახვას. ამიტომაც ENFJ-ები კომუნიკაციისას ავლენენ იშვიათ მჭევრმეტყველებასა და მგრძნობიარობას, რომელიც განსაკუთრებით გამოიხატება მათთვის ძვირფას თემებზე საუბრისას.
ჩართულობა
როდესაც ENFJ-ებს ვინმე უყვართ, მათ სურთ დაეხმარონ ამ ადამიანს პრობლემების მოგვარებაში – ზოგჯერ ნებისმიერ ფასად. სასიხარულო ისაა, რომ ბევრი ადამიანი მადლიერია ამ დახმარებისა და რჩევებისთვის. ბოლოს და ბოლოს, არსებობს მიზეზი, რის გამოც ამ პიროვნებებს აქვთ სხვების ცხოვრების გაუმჯობესებაში დახმარების რეპუტაცია.
თუმცა, სხვების პრობლემებში ჩარევა ყოველთვის არ არის წარმატების საწინდარი. პროტაგონისტებს ხშირად აქვთ ნათელი ხედვა იმისა, თუ რა შეუძლიათ ან უნდა გააკეთონ ადამიანებმა საკუთარი თავის გასაუმჯობესებლად, მაგრამ ყველა არ არის მზად ამ ცვლილებებისთვის. თუ ისინი ზედმეტად დაჟინებით მოითხოვენ ამას, მათმა ახლობლებმა შეიძლება იგრძნონ წყენა ან უსამართლო განსჯა. და მიუხედავად იმისა, რომ ეს პიროვნების ტიპი ცნობილია თავისი გამჭრიახობით, თვით ყველაზე ბრძენ პროტაგონისტებსაც კი ზოგჯერ შეიძლება არასწორად შეაფასონ სიტუაცია ან უნებურად ცუდი რჩევა მისცენ.
გზის გაკვალვა
ამ ტიპის ადამიანები თავდადებული ალტრუისტები არიან, რომლებიც მზად არიან, ნებისმიერი გამოწვევა მიიღონ იმ ადამიანებისა და იდეების დასაცავად, რომლებშიც სწამთ. სწორედ ეს მტკიცე რწმენა აძლიერებს ENFJ-ების უნარს, წარუძღვნენ სხვებს საერთო სიკეთისთვის ერთობლივი მუშაობისკენ.
თუმცა მათი უდიდესი ნიჭი, სავარაუდოდ, მაგალითის მიცემაა. ყოველდღიურ ცხოვრებაში ENFJ-ები აჩვენებენ, თუ როგორ შეიძლება ჩვეულებრივი სიტუაციები თანაგრძნობით, თავდადებითა და ზრუნვით მოგვარდეს. ამ პიროვნებებისთვის თუნდაც ყველაზე მცირე ყოველდღიური არჩევანი და ქმედება – დაწყებული იმით, თუ როგორ ატარებენ შაბათ-კვირას, დამთავრებული იმით, თუ რას ეუბნებიან გაჭირვებაში მყოფ კოლეგას – შეიძლება უკეთესი მომავლისკენ მიმავალი გზის ჩვენების შესაძლებლობად იქცეს.